ძალადობა გუშინ და ძალადობა დღეს. პოლიტიკური სპექტრი სისხლსა და ჩაგვრაზე. სისხლი და ჩაგვრა- დემოკრატიის სახელით.
ციხის კადრებამდე რამდენიმე თვით ადრე ვნახე პაზოლინის „სალო, ანუ სოდომის 120 დღე“. სახლში მარტო ვიყავი და თავი დაუცველად ვიგრძენი. გული ამერია ყველა ფაშისტზე, ვინც უშუალოდ აწამებდა, ვინც ბრძანებას იძლეოდა და ვინც თვალს ხუჭავდა ძალადობაზე. ეს ის დრო იყო, ციხეში არსებულ პრობლემებზე ბევრი რომ ლაპარაკობდა და ბევრი დუმდა. მათ შორის მედიაც. მანამდე იყო 2007 წელი და აქციის დარბევა, სისხლით შეღებილი თბილისი, გვამები და გამქრალი ადამიანები. მაშინაც გული მერეოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე. ძალადობას ვუყურებდი და ვფიქრობდი - რატომ? მაშინ თოთხმეტი წლის ვიყავი. არ მახსოვს როგორ ზრუნავდნენ დღევანდელი ჰუმანისტები ჩემსა და ჩემი თანატოლების ფსიქიკაზე. ის „მამების თაობა“, დღეს რომ ჩვენს განათლებაზე ქილიკობს და ზევიდან გვიყურებს, სიამოვნებს, როცა ბატონობით მივმართავთ.
დავუბრუნდეთ „სალოს...“ ერთ სცენას, სადაც პრეზიდენტი თავის მსხვერპლს უხსნის თუ როგორ ჭამოს Merda (ადამიანის შარდისა და განავლის ნარევი) და როგორ დაეხმარება მას ამისთვის თითები:
Male Victim: [with fingers in his mouth] I can't eat rice.
The President: Then eat shit
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ყველაფერი წინ იყო. შემდგომ იყო გახმაურებული ციხის კადრები და სტუდენტური აქციები, რომლებიც ემიჯნებოდა ყოველგვარ პოლიტიკურ ძალას. სტუდენტების ასეთი სოლიდარობა და ერთიანობა მას შემდგომ მხოლოდ ერთხელ ვნახე - თბილისის ტრაგედიის შემდგომ. თუმცა ამ შუალედში ბევრი უსამართლობა მოხდა. კათარზისი და ერთიანობა კი ჩვენთან მხოლოდ ღრმად კრიტიკულ მომენტებში ვლინდება. ეს ჩვენი პრობლემაცაა და იმ გარემოსიც, სადაც გავიზარდეთ. მაგრამ, ვფიქრობ, ის დროც მალე მოვა, ბევრ მნიშვნელოვან თემას ერთად რომ გავაკრიტიკებთ. ეს იქნება პირველ რიგში პოლიტიკური პროტესტი. არასდროს დავივიწყებთ იმას, რაც ვნახეთ და სადაც გავიზარდეთ; არასდროს ვაპატიებთ, როგორც არ უნდა უნდოდეთ „მამების თაობას“. სანამ არ აღსდგება სამართლიანობა, არ გაქრება კლასობრივი ცნობიერება, არ ჩამოართმევენ ხელს დაჩაგრულები და მჩაგვრელი ელიტები, არ შედგება ეს ფარისევრული შერიგება, რომლის გათამაშება ფრიც ლანგის „მეტროპოლისის“ დასკვნით სცენაში ხდება.
ციხის კადრებს რაც შეეხება, ბევრს შერცხვა და ატირდა. ბევრმა აღიარა, რომ მსგავსი ძალადობა ციხეებში წლებია ხდებოდა. ბევრმა ყველაფერს დადგმული უწოდა და დღესაც ამავე აზრზე რჩება. განსაკუთრებით ცნობილ ცოცხის სცენას, რომელიც არჩევნების სიმბოლო გახდა და დიდი როლი ითამაშა „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში. ამ კადრის ავტორი და მხილებელი დღეს გარეთ მშვიდად დააბიჯებს. მაგრამ ალბათ გააჩნია, ვინ რას ეძახის დადგმულს. დადგმული, როგორც ყველაფრის გათამაშება, სინამდვილის გაყალბება და გადაღებული რამდენიმე კადრი, როგორც მანიპულირების საშუალება. „ცოცხის კადრზე“ რუსთავი ორმა გვითხრა გუშინ, რომ დადგმული იყო იმ მხრივ, რომ გაუპატიურების იმიტაციას იძლეოდა. სინამდვილეში კი ფსიქიკურად არაჯანმრთელ პატიმარს ცოცხი ფეხებს შორის ჰქონდა მოთავსებული. იმდენად ამაზრზენი იყო და არის სისტემა, არაფერია გასაკვირი. უბრალოდ, სულ რომ ასე იყოს, ეს ნაკლები ძალადობაა? ნაკლები ჩაგვრა და დამცირებაა? რუსთავი ორის გულწრფელობას მაშინ დავიჯერებდი, ბედუკაძესთან ერთად რომ ითხოვდეს იმ რეჟიმის და ძალადობის ყველა მონაწილის და დამკვეთის დასჯას. ბედუკაძე „ფიშკა“ იყო, მის ზემოთ უამრავი ადამიანი იდგა. დაახლოებით ისე, როგორც საბჭოთა კავშირში - ხდებოდა ძალადობა და სტალინმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. პირველ რიგში კი სწორედ სისტემის და დამკვეთების გასამართლებას უნდა ვითხოვდეთ! თუმცა პოლიტიკური ძალები ამ ყველაფერს ვერ მოითხოვენ, რადგან ყველა ამ სისხლში ცურავს. ძალაუფლება იწყება სისხლით და მთავრდება სისხლით. ისევე, როგორც არჩევნები. ფაქტებს აღარ დავაკონკრეტებ, ისედაც ყველაფერი ნათელია.
დღესაც ვრცელდება ახალი კადრები და ახალი სისხლი. ხელისუფლების თუ „მესამე მხარის“ მიერ ნაკლებად საინტერესოა, რომ არ მჯერა ან ერთ მხარეს აინტერესებდეს დაზარალებული, ან და მეორეს. მაგრამ ყველას აინტერესებს ძალაუფლება, რათა გაგრძელდეს ჩაგვრა და ჩვენზე ძალადობა. ძალადობა კი ციხის კადრებით არც დაწყებულა და არც დამთავრებულა. უამრავი შეკითხვა ჩნდება. რამდენი საქმე და რამდენი ფაქტი მივიდა სასამართლომდე? რამდენ ჯალათს მიესაჯა ციხე? რამდენი შემკვეთი ზის ციხეში? რამდენი უსამართლო პატიმარი იჯდა და ზის ციხეში მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი ვიდეოებით მათზე ზეწოლა და დაშინება ხდებოდა? რატომ არ ლაპარაკობს მედია სისტემურ ძალადობაზე? სიმართლე რომ გაირკვეს და შესაბამისი ზომები გატარდეს, დასავლეთი რას იტყვის? რატომ იცავს ხელისუფლება ბედუკაძეს? დღეს რა ხდება ციხეებში? რა ხდებოდა და ხდება ქალთა კოლონიებში და რატომ არის ეს თემა არააქტუალური?
ხანდახან მაინც გავხდეთ უფრო მეტად რადიკალურები და დავივიწყოთ შუაშისტური, ინფანტილური პოზა. მხოლოდ მაშინ არ ვიფიქროთ ქმედებაზე, როცა გარკვეული პრობლემა ჩვენს პირად სივრცეში შემოვა და დისკომფორტს შეგვიქმნის. ჩვენ კი ტალახს ვესვრით იმ „მამემს“ ,რომლებიც სიმშვიდისა და შერიგებისკენ მოგვიწოდებენ. თითქოს ყველაფერი დამთავრდა.
არჩევნებამდე ბევრი დრო დარჩა, ალბათ კიდევ ბევრ სისხლს უნდა ველოდოთ. ასევე ველოდოთ გაგრძელებულ საუბრებს დადგმულ კადრებზე. საუბრებს ცოცხებზე, კასტილებზე, დუბინკებსა და სისხლზე. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ორივე მხარის სიმბოლოდ დარჩება. ჩვენთან მოსვლამდე ეს კადრები სასამართლოში უნდა მიდიოდეს, თუ გვინდა ოდესმე მაინც მივიდეთ საერთაშორისო სასამართლომდე. თუ კიდევ შემონახულია ავთენტური კადრები, მხოლოდ მას შემდგომ უნდა განადგურდეს, როცა ყველა შემთხვევა გასამართლება, ყველა დამნაშავე დაისჯდება! და ამას მოჰყვეს სისტემის ყველა დამქაშის პოლიტიკური განადგურება.
ბოლოს კი კვლავ „სალოს“ და მის ავტორს გავიხსნებ, რომელიც შეეწირა სისტემასთან ბრძოლას, შეეწირა ფაშიზმს. უყურეთ ამ ფილმს, პაზოლინი თავისუფლებას გაძლევთ, დაინახოთ თავი მოძალადის თუ მსხვერპლის გვერდით.
შემდგომ გაბრაზდეთ და განაგრძოთ ცხოვრება.